ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის კომერციული ბანკი), რომელიც რაიმე საქმეს დაიჭერს (ანგარიშს გაუხსნის, დეპოზიტს განათავსებინებს, სესხს მისცემს, გადარიცხვას გაუკეთებს და ა.შ.) გომელაურთან ან იმ მეორესთან, რისკავს რომ თავად გახდება სანქციების სამიზნე." - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რას ნიშნავს გუშინდელი ამერიკული სანქციები, რომლებიც მოხვდა გომელაურს და ხარებას მოადგილეს
სანქციები დაადო აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC)
სანქციები გულისხმობს შემდეგს:
ა) ამ ადამიანების ნებისმიერი საკუთრება ან ინტერესი საკუთრებაში, რომელიც არის აშშ-ში, მათ შორის ისეთებიც რომლებიც შეიძლება იმყოფებოდეს აშშ-ს მოქალაქის მართვის ქვეშ, იყინება და ანგარიში ეგზავნება OFAC-ს.
ანუ, გომელაურს და იმ მეორეს თუ აქვთ აშშ-ში მიწა, ბინა, სახლი, საოფისე ფართი და ა.შ. ან წილი რაიმე ასეთ საკუთრებაში, ეს საკუთრება გაიყინება და ინფორმაცია გადაეგზავნება OFAC-ს.
ბ) ნებისმიერი აქტივი, რომელიც არის ამ ადამიანების პირდაპირ ან ირიბ მფლობელობაში, ინდივიდუალურ ან საერთო საკუთრებაში, იბლოკება.
ანუ, გომელაურს და იმ მეორეს თუ აქვთ ფული რომელიმე ამერიკულ ბანკში, დაბანდებები აქციებში ან სამთავრობო ობლიგაციებში, წილები რაიმე კომპანიაში და ა.შ., ყველაფერი იბლოკება.
გ) ნებისმიერ აშშ-ს მოქალაქეს ეკრძალება რაიმე სახის ტრანზაქციის განხორციელება, პირდაპირ თუ ირიბად, დასანქცირებულ პირებთან ან რაიმე სახის იურიდიულ პირთან რომელშიც ამ პირებს გააჩნიათ რაიმე ინტერესი.
ანუ, ნებისმიერ ამერიკის მოქალაქეს ეკრძალება რაიმე ფორმით გაკარება (მაგ: ხელშეკრულების დადება და თანხის გადახდა ან მიღება) გომელაურთან და იმ მეორესთან, ან რომელიმე იურიდიულ პირთან (მაგალითად კომპანიასთან) სადაც გომელაურს ან იმ მეორეს აქვს რაიმე ინტერესი (მაგალითად წილი კომპანიაში). აშშ-ს მოქალაქე შეიძლება დაისაჯოს როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის წესით (გააჩნია რა ტიპის ტრანზაქცია იქნება).
დ) არა აშშ-ს მოქალაქეებს ეკრძალებათ აშშ-ს მოქალაქეების მხრიდან ამ სანქციების დარღვევის გამოწვევა, მიუხედავად იმისა ამას გააკეთებენ გამიზნულად თუ შემთხვევით. მათ ასევე ეკრძალებათ ისეთ ქმედებებში ჩართვა, რომლებიც გამიზნულია ამ სანქციების გვერდის ავლისთვის. ასეთი არა აშშ-ს მოქალაქეები თავად შეიძლება გახდნენ იდენტური სანქციების სამიზნე.
ანუ, თუ რომელიმე არა აშშ-ს მოქალაქე, გამიზნულად თუ შემთხვევით, ხელს შეუწყობს ერთი მხრივ რომელიმე აშშ-ს მოქალაქეს ან იურიდიულ პირსა და მეორე მხრივ გომელაურს ან იმ მეორეს შორის რაიმე სახის ურთიერთობის დამყარებას და რაიმე სახის ტრანზაქციის განხორციელებას, ეს ადამიანიც შეიძლება გახდეს მსგავსი სანქციის სამიზნე.
ასევე, თუ რომელიმე არა აშშ-ს მოქალაქე ეცდება დაეხმაროს რაიმე ფორმით გომელაურსა და იმ მეორეს ამ სანქციების გვერდის ავლაში, ისიც შეიძლება გახდეს მსგავსი სანქციის სამიზნე.
ე) ფინანსური ინსტიტუტები (მაგ: ბანკები), რომლებიც განახორციელებენ გარკვეულ ქმედებებს ან ტრანზაქციებს ამ პირებთან მიმართებაში, შეიძლება გახდნენ სანქციების სამიზნე. აკრძალვა ეხება სანქცირებული პირების მიმართ რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური კონტრიბუციის გაკეთებას, ისევე როგორც საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას.
ანუ, ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი (მათ შორის კომერციული ბანკი), რომელიც რაიმე საქმეს დაიჭერს (ანგარიშს გაუხსნის, დეპოზიტს განათავსებინებს, სესხს მისცემს, გადარიცხვას გაუკეთებს და ა.შ.) გომელაურთან ან იმ მეორესთან, რისკავს რომ თავად გახდება სანქციების სამიზნე.
ეგაა ჯამში
მოკლე შინაარსი ისაა რაც ჩვენთან იყო ‘თემიდან განკვეთა’, როცა ყველას ეკრძალებოდა განკვეთილისთვის წყლის და პურის მიწოდება
თემი ამ შემთხვევაში ცივილიზებული სამყაროა".