„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დიქტატორული რეჟიმის სტადიებია და ამ გზას ქვეყანა პირველად არ გადის, ეს გზა გავლილი აქვს ყველას.

„ეს არის დიქტატორული რეჟიმის სტადიები. ხომ გასაგებია, მიზანი რა არის? ერთ შემთხვევაში მიზანი არის ის, რომ ტვინგაწმენდილი ადამიანები მარტივი წესით აიყვანონ პოლიციაში, ჩააცვან ფორმა და მისცენ ადამიანების ცემის, წამების უფლება; მეორე შემთხვევაში – სადმე, საჯარო სექტორში კრიტიკული აზრი თუ არის დარჩენილი, მარტივად გაყარონ. ხომ გასაგებია? ეს არის მიზანი. კითხვა მანდ არ არსებობს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გარეშე მიიღოს ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ცვლილება შევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სექტორის გაჯანსაღება.