საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

როგორც მურთაზ ზოდელავამ ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნიდან არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს.

მურთაზ ზოდელავამ ყველა იმ ადამიანს, ვინც სასჯელს ამავე საქმეზე იხდის, თავისუფლება უსურვა.

„4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე. ბევრი შეკითხვა დაგროვდა, ყველა შეკითხვას ფიზიკურად ვერ გავცემ პასუხს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო. თითქმის ყველა სხდომაზე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ ადამიანებს, ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდევაც. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი და მიხარია, რომ მათმა უმრავლესობამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა. არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები ბევრი მიზეზის გამო. ციხეში შემისრულდა 50 წელი, ბავშვიც აღარ ვარ, ადამიანში გადაფასებები ხდება და ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ და ეს არ უკავშირდება საპროცესო შეთანხმებას. საქართველოს მოქალაქე ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ, ვარ ჩემი ერის ბუნებრივი ნაწილი, მაგრამ პოლიტიკაში თავს ვერ ვხედავ. როდესაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ვთქვი, რომ მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზატორი“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

შეგახსენებთ: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და კიდევ რამდენიმე პირს საპროცესო შეთანხმება 28 ოქტომბერს გაუფორმდათ.