შეიძლება მიშისტებს ჰგონიათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობაში ხალხი მხოლოდ ერთი ოლიგარქის ავტორიტარული რეჟიმის მოსაშორებლადაა ჩართული, მაგრამ ისინი ცდებიან. ჩვენ ახალი საქართველო გვინდა, სადაც ავტორიტარის ადგილი არ არის პოლიტიკაში. სააკაშვილის ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის ისევე იყო თავსმოხვეული, როგორც ქართული ოცნების. ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ძალადობრივი რეჟიმი ჰქონდა დამყარებული. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მაშინ ვუპირისპირდებოდით ამ ძალადობრივ სისტემას, დღესაც ქუჩაში ვდგავართ და ახლა ამათ ვებრძვით. - ამის შესახებ "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
"იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ერთი და იგივე გვგონია (არა ისინი სხვადასხვანაირი ბოროტება არიან), არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობაა ჩვენთვის ღირებულება და არა პირადი სარგებელი. ნაცები კი დღეს მხოლოდ ტექნიკურად არიან სიმართლის მხარეს. ასე აწყობთ. მათ ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლეს, არცერთი ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებიათ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ყოფნით მას უფრო აზიანებენ და მხოლოდ ოცნებას ასაზრდოებენ (თუმცა ვერავინ ვერ აუკრძალავს მონაწილეობას).
ეს უნდა გავაცნობიეროთ და დავსვათ კითხვა, რამდენად ადეკვატური იქნებოდა ბიძინას ან თენგიზ კიტოვანის პლაკატით ვინმეს ამ აქციაზე დადგომა? ალბათ არავის და არ გამოხატავდით ამ უკმაყოფილებას?ვიღაცამ თქვა მათი მხრიდან ჩვენზე: ესენი რომ მოვლენ ხელისუფლებაში, პირველი ჩვენ აგვკრძალავენო.
არა, ჩვენ არავის აკრძალვას არ ვაპირებთ, რადგან ნამდვილ დემოკრატიაში დემოკრატიის მტრებსაც აქვთ არსებობის უფლება და დემოკრატიას მათი არ ეშინია, იმდენად მკაფიოა მისი უპირატესობა. მაგრამ რასაც ნამდვილად ვიზამთ, ისაა, რომ ქოცების, ნაცების და ყველას, ვისაც ამ ქვეყნის და მისი ხალხის წინააღმდეგ უმოქმედია, ჩადენილ უსამართლობებს საზოგადოებისთვის სინათლეზე გამოვიტანთ (ოღონდ არა ისეთი იაფფასიანი სპექტაკლის სახით, რადაც ოცნებამ, საგამოძიებო კომისიით, გადააქცია სამართლიანობის აღდგენის საკითხი).
ამ დაჯგუფებების ყველა ცნობილ თუ დაფარულ საქმეს ქართველ ხალხს ვაჩვენებთ, ერთადერთი მიზნით, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რასაც ათწლეულებია ვუყურებთ ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ინდივიდუალურ დამნაშავეებს, მაგათ კანონი და სამართლიანი სასამართლო მიხედავს. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ხედვა." - წერს ვახუშტი მენაბდე "ფეისბუკში"