„იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან. ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, მარკო სილვესტრონისთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ.
მისი თქმით, „შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე“.
მანვე აღნიშნა, რომ იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია.
„მთავარი განსახილველი თემები რეგიონული უსაფრთხოება და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები იყო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე ევროპულ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის, კერძოდ იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები და იტალიელ კოლეგებს ვთხოვეთ, აქტიურად შეუწყონ ხელი ბრიუსელსა და თბილისს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას.
იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია. მათივე განცხადებით, მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის რთულ და კრიტიკულ საკითხებშიც. ვიზიტი გრძელდება და დამატებითი შეხვედრებიცაა დაგეგმილი“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.




