რუსეთის დამარცხება ყველაზე რეალურია შიგნიდან - რუსეთის მთავარი პრობლემა კორუფციაა -  ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.

„პრიგოჟინის ნათქვამმა დაადასტურა ის რაც ვიცოდით: რომ რუსეთის დამარცხება ყველაზე რეალურია შიგნიდან, და რომ რუსეთის მთავარი პრობლემა კორუფციაა.
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი ალბათ ვერ გაიმარჯვებდა სტალინს რომ მანამდე კორუფცია არ მოესპო (სხვა საქმეა რის ფასად). მესამე რაიხის არმია ალბათ ყველა დროის უძლიერესი იყო. საბჭოთა კავშირს ვერ უშველიდა ვერც ამერიკიდან მიღებული დახმარება და ვერც ამერიკულ-ბრიტანული ავიაციის მიერ რაიხის სამრეწველო პოტენციალის განადგურება.
(და კიდევ, იქ მარტო რუსები არ იბრძოდნენ).
ვნახოთ! რაც ომი დაიწყო კიევთან ჩაფლავების შემდეგ ასეთ მძიმე დღეში რუსები არ ყოფილან“- წერს შარაშენიძე.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. მოსკოვისა და როსტოვის ქუჩებში, სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.

შეგახსენებთ რომ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ არცერთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.