პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა არის ივანიშვილის დღის წესრიგი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.

„დღეს ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნად შევიკრიბებით, ხოლო ჩემი აზრით, ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა, სადაც ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს. ადამიანები, რომლებიც სამ თვეზე მეტია, დგანან აქ, რუსთაველის გამზირზე. დაკვეთა უნდა მომდინარეობდეს ხალხისგან და საზოგადოებისგან. ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიების სტიგმატიზაციის მცდელობა, ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი სახალხო პროტესტი იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს თვითორგანიზებული, პოლიტიკურ შედეგში ვერ კონვერტირდება, თუ პოლიტიკური ძალებიც არ არიან ჩართული და გაერთიანებული ხალხთან ერთად. ხიდების ჩატეხა და პოლიტიკოსებისა და ხალხის დაშორიშორება მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს და სუს-ს აწყობს. ჩვენ უნდა ვმუშაობდეთ გაერთიანებისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.