ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, ყოფილ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


 

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან და პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე ოპოზიციამ დრო არ უნდა დაკარგოს.

"მათ [აქციებზე დაკავებული პირების ოჯახებს] აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს, როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ, ჩვენ-ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ