საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთში, მალთაყვაში, ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.ბაზის მშენებლობა სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს. პროექტის ბიუჯეტია 6 628 698 ლარი.
თეა წულუკიანთან ერთად ბაზის მშენებლობა კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე იოსებ ბაღათურიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ, შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა გერონტი ცინდელიანმა, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა - ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ემზარ მალანიამ, აკადემიური ნიჩბოსნობის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ბუჯიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა პაატა გუნიამ მოინახულეს.
ქალაქ ფოთს ქართული ნიჩბოსნობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. XX საუკუნეში აქ ნიჩბოსნობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ქალაქში მოსამზადებლად ჩადიოდნენ იმ დროის საუკეთესო სპორტსმენები. სწორედ ფოთიდან იყო ლეგენდარული ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
აღსანიშნავია, რომ მალთაყვის აკვატორია მდიდარია წყლით, რაც საწყლოსნო სახეობების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ფოთში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზამთარში წყალი არ იყინება, რაც სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევთ ზამთარშიც უწყვეტად შეძლონ ვარჯიში. წლების განმავლობაში წყალთან ახლოს ბაზის არარსებობის გამო ნიჩბოსნებს ვარჯიშის პროცესში არაერთი პრობლემა ექმნებოდათ, მათ შორის სპორტსმენებს ნავებისა და სპეციალური ეკიპირების ხელით ტარებაც დიდ მანძილზე უწევდათ, ბაზის დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემები მთლიანად აღმოიფხვრება.
2021 წელს თეა წულუკიანი ფოთში მდებარე მალთაყვის ნიჩბოსნობისა და კანოეს ყოფილი ბაზის ტერიტორიას ესტუმრა და იქ არსებული მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, რის შემდგომაც ბაზის აღდგენა დაიგეგმა.პერსპექტიული ახალგაზრდები, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდებათ, სპორტული ბაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სივრცეში შეძლებენ ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას. შედეგად, ნიჩბოსნობასა და კანოეში საქართველოს დიდი სპორტული ტრადიციები სათანადოდ აღდგება. აღსანიშნავია, რომ მალთაყვის ბაზა საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ქართული სპორტის განვითარებისა და სპორტსმენთა ხელშეწყობისთვის.