ვგმობ ბატონი გივი თარგამაძის განცხადებას და ღია მოწოდებას ძალადობისკენ, ახლა გამოსარკვევი მხოლოდ ის დარჩა, მან რატომ აირჩია ეს მომენტი ამის სათქმელად, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე არ არსებობს.

„როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომის და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დეტალიზებული განხილვა, რკინიგზა რა ვარიანტში გაიხსნება, რა ვარიანტში არ გაიხსნება, თუ გაიხსნა, რა მოხდება, წყლის ნაყვაა. ყველაფერი მოხდება, თუ არ იქნება ადეკვატური წინააღმდეგობა. შემდეგი იქნება რკინიგზა, მერე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მერე, თუ ერდოღანი დარჩა, სამმხრივი ფორმატი ან პირდაპირი ორმხრივი, საბოლოო ჯამში, იქნება ერთმხრივი, სადაც ჩვენ ვიქნებით წაკუზული და ისინი იქნებიან ზედ წამომჯდრები, – ამის შესახებ გივი თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად, თუ ადეკვატური წინააღმდეგობა არ იქნება.

„ვაიმე, ის ფორმა, ეს ფორმა, პოლიციის მანქანა არ დავწვათ, იმას ასე არ ველაპარაკოთ… ქვეყნის გადარჩენა თუ გვინდა, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გავაკეთო. ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით. ყველაფერში ვგულისხმობ პროტესტს, მაგრამ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა, სამკუთხედთავიანი და უცახცახებდა ხმა. ასეთ პროტესტს და იმაზე მეტ პროტესტს ვგულისხმობ. ხომ ნახეთ მაშინ, როგორ შეეშინდათ, ანუ ვიცით, რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს.

„მარტში მიიღეს ისეთი პროტესტი, რომ მოუწიათ ამ კანონის უკან გაწვევა. არ ვამბობ, რაღაც უშველებელი გავაკეთოთ. უბრალოდ, იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი, პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს. დაწვეს ისე, როგორც წვავენ მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს მთელ ევროპაში. ვინ მოიგონა საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია? იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო. აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.