საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული – ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლები გახსნა.

მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

მინისტრი ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაში მოწყობილ STEAM ლაბორატორიასაც ეწვია და ადგილზე გაეცნო მიმდინარე შემეცნებით პროცესს. ალექსანდრე წულაძის თქმით, ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სკოლებში STEAM კლუბების გაძლიერებაზე და ამის თვალსაჩინო მაგალითს
სწორედ ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა წარმოადგენს.

ქალაქ ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, სოფელ დვირის საჯარო სკოლა კი – 320 მოსწავლეზე. ორივე სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.

სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, სახანძრო სიგნალიზაციისა და გათბობის ახალი სისტემებით. ამასთან, მოწყობილია ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

ქალაქ ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. 
პროექტების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.

ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში მიმდინარე სასწავლო პროცესს ასევე გაეცნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ქალაქ ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი.