„თოდუას კლინიკის“ ცენტრალური ფილიალი ამბულატორიული პაციენტების მიღებას ხვალიდან სრული დატვირთვით განაახლებს, – ამის შესახებ ნათქვამია „თოდუას კლინიკის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხანძრის გამო კლინიკიდან პაციენტთა ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა, თუმცა შენობაში პრევენციული მიზნით მაინც გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო სამუშაო.

„თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრისგან გამოწვეული შეფერხება აღმოფხვრილია. ჩვენი კლინიკიდან პაციენტთა ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა. თუმცა შენობაში პრევენციული მიზნით მაინც გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო სამუშაო.

მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს, ამბულატორიულ პაციენტებს – გაგებისა და მოთმინებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც დილიდან იმყოფებოდა კლინიკაში, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რამაც შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა. პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლისა და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია.