თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე 30 იანვარს და 1 თებერვალს აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე 5 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
ლევან სანიკიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
„გააერთიანეს ორი საქმე, ორივე არის ერთი შინაარსის, მედავებიან რუსთაველის გამზირზე დგომას და გზის გადაკეტვას. ორი ეპიზოდი გააერთიანეს, მიიღეს გადაწყვეტილება და, 10 000 ლარის მაგივრად, 5 000 ლარით დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, მიმაჩნია, რომ არავითარი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. თავად ჩაიდინა უკანონობა სანქცირებულმა მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, რომ ამ სასამართლოს შენობაში იქნება სამართალი და რუსთაველის გამზირზე აღარ მოგვიწევს ბრძოლა ქვეყნის თავისუფლებისთვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, ჩატარდება ნორმალური არჩევნები, არ მოგვიწევს მტკიცება, რომ 2008 წლის ომი თურმე საქართველოს ჰქონია დაწყებული და 9 აპრილი ბალტიისპირელებს მოუწყვიათ. დღესაც კვლავინდებურად ვიქნები რუსთაველის გამზირზე. ალბათ დღევანდელ ეპიზოდზეც ორი თვის შემდეგ დამიბარებენ სასამართლოში“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.