"ამ საქმეს ძალიან კარგად ვიცნობ, ვინაიდან სწორედ იუსტიციის სამინისტრო იცავდა სახელმწიფოს ინტერესს სტრასბურგში. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, ანუ სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ." - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია არსებითად, არსებით ნაწილში ევროპულ და ევროპული კონვენციის სტანდარტს აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებზე კარგად იმუშავა. რა თქმა უნდა, ჩვენ სიმართლე ვიცოდით, მაგრამ ამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდებოდა. დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი ჩვენი დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს პირდაპირ ადანაშაულებდა მკვლელობაში. დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რაც არის სიმართლე, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არც ერთ დონეზე სიცოცხლის, მოკვდინების დანაშაული არ ჩაუდენიათ, როგორც ამას უკვე სტრასბურგის სასამართლო ამბობს.
რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ პროცედურულ საგამოძიებო ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ, ეს განაჩენი დადგენილი წესით უკვე გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც პოლიტიკური ორგანოა ევროსაბჭოში, სადაც შედგება სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები. მთავარია, ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ევროსასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა - "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა
შეგახსენებთ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სამართალდამცველის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს კლინიკაში გარდაიცვალა.