საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ევროპაზე ადრე, აშშ-თან უფრო სწრაფად მოხდება ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, საქართველოში ევროპიდან სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

„თითქმის ყველა ტიპის განათლება, რაც შეიძლება ადამიანმა 16 წლის ასაკიდან მიიღოს, სწორედ ევროპაში მაქვს მიღებული, მრავალი წლის განმავლობაში იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, კარგად ვიცი ევროპა და განსაკუთრებით საფრანგეთი, ერთ-ერთი პროფესიით პოლიტოლოგი ვარ და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ უკრაინაში წამოწყებული ავანტიურის ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე ევროპის დასუსტება. ეს ისტორიული მიზანია ზოგიერთი ძალისა და ტრადიციული მიზანიც, მუდმივად რომ დგას გარკვეული ძალების დღის წესრიგში, რომ ევროპა უნდა იყოს სუსტი. ეს ასეც მოხდა და დღეს ევროპაში ვხედავთ, რომ არის სრული ბუნდოვანება და ძალიან დასუსტებულია ყველა ის დიდი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის, როგორც ამ კონტინენტზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზმის დასაყრდენს უნდა წარმოადგენდეს. პირველ რიგში საუბარია საფრანგეთსა და გერმანიაზე, რომელთა გარეშე ძლიერი ევროკავშირი წარმოუდგენელია. არსებობს განცდა იმისა, რომ თითქოს მავანმა, თავის მრავალშორის ერთ-ერთ მიზანს მიაღწია ( მიზანში იგულისხმება ევროპის დასუსტება).

ჩვენ ევროპიდან გარკვეულ და სწრაფ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მათ თავიანთი გამოწვევები აქვთ. აქ უფრო საინტერესოა ჩვენთვის აშშ-ში ხალხმა ნამდვილად გაიმარჯვა, ჩვენ მივესალმებით ამერიკელი ხალხის არჩევანს და დიდი იმედებით ვართ, რომ ევროპაზე მეტად ადრე აშშ-თან ურთიერთობების სწრაფი გაუმჯობესება მოხდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.