„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბსოლუტურად, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და არ შედიოდა ქვეყნის მმართველ ორგანოში, რომელიც იყო გაყალბების შედეგად ფორმირებული, ეს გადაწყვეტილება, იმ მომენტში ვთვლიდით, რომ სწორი იყო, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა

„შემდეგ მთელი იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც ამან გამოიწვია საერთაშორისო დელეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ და ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში გააღვიძა აღქმა, რომ ქვეყანაში მყარდება ძალიან მძიმე პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ახლა დიქტატურად გადაქცევის პროცესშია, ეს ხომ მარტო იმას ადასტურებს, რომ მაშინ მართლები ვიყავით? მერე, მთელი პროცესის მანძილზე, მართლები ვიყავით“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა ეს სწორი დღევანდელი გადასახედიდან, დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ დღევანდელი გადასახედიდან აფასებს.

„დღევანდელი გადასახედიდან გეუბნებით, წარსულს არ ვაფასებ, რომ ცალსახად, ის, რაც გავაკეთეთ, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში არ შევედით, იყო ყოველთვის სწორი, ახლაც სწორია და მომავალშიც სწორი იქნება“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, „ლელო“ ყოველთვის აცხადებდა, რომ პარლამენტში შესვლა სწორი პოლიტიკური პოზიციონირება არ იყო.

„რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს გახარიას გუნდიდან, ჩვენ ვითანამშრომლეთ თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში ერთმანეთთან, ამ თანამშრომლობის დაწყებამდე და მთელი ამ თანამშრომლობის პროცესში გახარიას გუნდმა ჩვენი პოზიცია იცოდა. გაგახსენებთ, რამდენიმეჯერ პროცესშიც გააჟღერეს, რომ შეიძლება ამაზე ფიქრი და ჩვენ მაშინაც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ძალიან ცუდად ვუყურებთ ამას, არ ვთვლით სწორ პოლიტიკურ პოზიციონირებად და დღესაც ამ აზრზე ვართ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

 შეკითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მათი თანამშრომლობა, რადგან გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მემორანდუმის ფარგლებში მათი თანამშრომლობა მოიცავდა თვითმმართველობის არჩევნებში საერთო კანდიდატების დაყენებას.

შეკითხვაზე, გააგრძელებს თუ არა „ლელო“ გახარიას პარტიასთან თემატურ დისკუსიებს, გარკვეულ საკითხებზე კონსულტაციებს თუ, დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად, „ლელოც“ ფიქრობს, რომ გახარიას პარტია პოლიტიკურად აღარ არსებობს და ოპოზიციად ვეღარ მოიხსენიებენ, თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ საკუთარ თავს არ აძლევს უფლებას, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალაზე ასეთი შეფასებები გააკეთოს.

„რა ვიცი, მე მგონი, ასაკის და პოლიტიკური სიმწიფის იმ ფაზაში შევედი, რომ საკუთარ თავს მაგის უფლებას არ მივცემ, მე გადავწყვიტო და ვიყო არბიტრი, ვის რა დავუძახო, ვინ იყოს ოპოზიცია და ვინ – არა. არ მგონია, რომ ეს სწორია ვინმეს მხრიდან, პოლიტიკურ ძალიან უმწიფრობას წარმოადგენს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისივე თქმით,  აბსოლუტურად ყველა დემოკრატიულ ძალასთან, რომელიც ბოლო წუთამდე, დღეის მდგომარეობით, იბრძვის ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანთა თავისუფლების და იმ იდეის გადასარჩენად, რასაც ჰქვია საქართველოს რესპუბლიკა, ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა, „ლელოს“ ყველასთან ექნება თანამშრომლობა იმ პროცესში, რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გათავისუფლება.