დღევანდელი დღის და აქციის ამოცანა არის საზოგადოების გაუტეხლობის ჩვენება, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი საპროტესტო ცხოვრებაში.
„დღეს 26 მაისია. ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არის საფრთხეში, რადგან საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც შეეკრა ჩვენს ცივილიზაციურ მტრებს და გადაგვკიდა მეგობრებს. სწორედ ამიტომ ხდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი მოკავშირე და თავისუფალი სამყაროს ლიდერი ჩამოდის არა საქართველოში დამოუკიდებლობის დღის მოსალოცად, არამედ ჩადის სომხეთში – იქ, სადაც მტერსა და მეგობარს დღეს უკვე კარგად არჩევენ. დღევანდელი დღის და აქციის ამოცანა არის საზოგადოების გაუტეხლობის ჩვენება. იმ საზოგადოების, რომელიც, ასობით დღეა, სასტიკი რეპრესიების ქვეშ არის და მაინც არ ტყდება. საზოგადოების გაუტეხლობაა ის, რაც ბზარებს უჩენს რეჟიმს. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი დასუსტებულია. ვხედავთ ყველა, ვისაც ამ ბზარების წაკითხვა კარგად შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ივანიშვილს მანევრი აღარ დარჩა და ცალ ფეხზე ატუზული ეხვეწება ჩვენს ყოფილ მოკავშირეებს, რამენაირად მისი ნორმალიზაცია მოახდინოს. ხედავს, რომ პროდასავლურ ქართულ საზოგადოებაში ძალაუფლებას დასავლეთისგან იზოლაციით ვერ ინარჩუნებს. დღეს არა მხოლოდ საფრთხის, არამედ უზარმაზარი შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ. ეს შესაძლებლობა გულისხმობს, რომ ჩვენს რეგიონში ძალის ვაკუუმს ავსებს არა რუსეთი, არამედ აშშ. ეს შესაძლებლობა რომ გამოვიყენოთ, ანტიდასავლური, ანტიქართული რეჟიმი უნდა შევცვალოთ მშვიდობიანად. ბოლომდე მივაწვეთ ზუსტად ამ გაუტეხლობით და ეს პროტესტი გარდავქმნათ პოლიტიკურ პროცესად. ამას ეძღვნება დღევანდელი აქციაც. დღეიდან დაიწყება ახალი ეტაპი საპროტესტო ცხოვრებაში, როდესაც ეს პროტესტი, რომელმაც უამრავი ბზარი გაუჩინა რეჟიმს, პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნება, რათა ბზარები კიდევ უფრო გააფართოოს, მივაღწიოთ რეჟიმის მშვიდობიან ცვლილებას, რომ საქართველო გახდეს უსაფრთხო, დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა, ქართველმა ხალხმა იცხოვროს კეთილდღეობაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია მშვიდობიანი პროტესტის.
„ადამიანების თავისუფალი შეკრება გულისხმობს, რომ მათ ხმა უნდა მიაწვდინონ აქციაზე მოსულ მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ხმის შეზღუდვა არის აქციის შეზღუდვა. დემონსტრირებას მოვახდენთ როგორც ქართული საზოგადოების, ისე დასავლელი პარტნიორების თვალში, რომ, რეალურად, ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ეშინია მშვიდობიანი პროტესტის. კარგად ვხედავთ, რომ სცენას თავისუფლად ადგმევინებენ იმ აქციებზე, სადაც სამი თვე დამხობას აანონსებენ ხოლმე. მშვიდობიანი აქციის ეშინიათ ყველაზე მეტად. მივიღებთ უარს იმაზე, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ჩავინიშნავთ, შემდეგ ალტერნატიულ გზებს გამოვნახავთ, რათა მოქალაქეებს ხმა მივაწვდინოთ და ეს ხმა რეჟიმმა ვერ შეგვიზღუდოს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა








