„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

სოზარ სუბარის თქმით, ახლა არის იმის შანსი, რომ გადარჩეს ქვეყანა და ამიტომაც, უცხო ქვეყნის აგენტურას არ უნდა მიეცეს ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა.

„დესტაბილიზაციის თავიდან აცილების პრევენცია არის ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა - კანონი [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არის ერთი ნაბიჯი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აგური ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის გზაზე და ასე აგურ-აგურ უნდა ავაშენოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას.

ახალგაზრდობას შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირის თოთხმეტივე რესპუბლიკაში (მეთხუთმეტე რუსეთი იყო, საიდანაც ყველაფერი იმართებოდა), ცეკას პირველი მდივანი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი და მეორე მდივანი იყო პირი, რუსი ეროვნების ადამიანი, რომელიც პირდაპირ ინიშნებოდა მოსკოვიდან (პირველი პირებიც ფორმალურად მოსკოვიდან ინიშნებოდნენ) და ყველა კრიტიკულ სიტუაციაში მისი სიტყვა უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი. დღეს გაცილებით მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს ზოგიერთი ქვეყნის მოქმედი, თუ ყოფილი ელჩები, ვიდრე ამის უფლებას აძლევდნენ ყოფილი ცეკას მეორე მდივნები. ამას ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში. ჩვენ ახლა გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ქვეყანა. დღეს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს გლობალური ტურბულენტობა გადაივლის, შეიძლება სხვა სამყარო იყოს, სადაც გაცილებით მშვიდად შეგვეძლება მომავალზე ფიქრი. დღეს ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

შეგახსენებთ,    საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო