„დღეს პარლამენტის წევრმა, დევი ჭანკოტაძემ ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა, თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი, გენერალი - ძალიან ცუდად მენიშნა“, - ასე შეაფასა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადება, რომლის თანახმადაც თუ კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ, ეს ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს და შეიძლება ვინმე მოკვდეს კიდეც.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში სოზარ სუბარმა განაცხადა, გასული წლის მარტში კანონპროექტის უკან გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას აპირებდა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვინც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დგას, აქვთ უფლება აღნიშნული კანონპროექტის ირგვლივ პროტესტი გამოხატონ, თუმცა, კანონის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
„დღეს პარლამენტის წევრმა, დევი ჭანკოტაძემ ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა, თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი, გენერალი - განცხადება ვეტერანების სახელით გააკეთა. ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს! ვეტერანები სხვაგან არიან და სხვაგან არის მათი ინტერესი - ვეტერანების სახელით ვერ ილაპარაკებს.
ეს ამათი ხელწერაა. ძალიან კარგად გვახსოვს ვანო მერაბიშვილი 2 გვამს როგორ ითხოვდა და შემდეგ აღასრულეს კიდევაც - როგორ ჩაცხრილეს კრიალაშვილი, ხოლო ოთანაძე სრულიად შემთხვევით გადარჩა. ძალიან კარგად გვახსოვს ისიც, აქციებზე ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილი რომ ურეკავდა და კატეგორიულად ითხოვდა, რამდენიმე ადამიანის სიკვდილს, რომ შედეგისთვის მიეღწიათ და ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ.
ძალიან ცუდად მენიშნა ახლა ეს განცხადებაც. შარშან, როდესაც კანონი გავიწვიეთ, გარდა იმისა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს და არავინ იცოდა რას აპროტესტებდა, ამავე დროს სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, რომ სწორედ ოპოზიცია აპირებდა იმ დონემდე მიეყვანათ დაძაბულობა, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყოლოდა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვეულებრივად გადაადგილდება ხალხი, მაგრამ არის გარკვეული აგრესიული ნაწილი (ძირითადად ლიდერები მართავენ ამ აგრესიულ ნაწილს), რომელიც ცდილობს ვითარება დაძაბოს - გარკვეულ საგნებს ესვრიან პოლიციელებს. ეს არის კანონის დარღვევა და ბუნებრივია, პოლიცია იმოქმედებს კანონი ფარგლებში. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს აღკვეთონ. სხვა მხრივ, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, შეუძლიათ შეიკრიბონ და გააპროტესტონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი - ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდად დამთავრდება