37 ათას ხმაზე მეტის მობილიზება რომ არ შეუძლია, იმ პარტიას მართლა არაფერი ესაქმება პარლამენტში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, არ მოხდება 2%-მდე ბარიერის ჩამოწევა, ეს არის გამორიცხული.
„უკრაინას და მოლდოვას აქვთ 5%-იანი ბარიერი. სულ მათი მაგალითი მოჰყავთ ხოლმე და ამაშიც მივბაძოთ მაშინ. ასევე, იმაშიც მივბაძოთ, როგორც მოლდოვაში აკრძალეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად მიაჩნდათ და არაერთი პოლიტიკური ძალა აკრძალეს უკრაინაში, ჩვენც შევისწავლოთ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მოღვაწეობა და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. რაც შეეხება ბარიერის თემას, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში 5%-იანი ბარიერია. მხოლოდ 4 ქვეყანაა, სადაც ბარიერი 5 %-ზე დაბალია. პარტიები უნდა მოერგონ ხალხის განწყობებს, მათ უნდა შესთავაზონ საკუთარი გეგმები საზოგადოებას და ამის მიხედვით მიიბან ამომრჩეველი.
პარტიებს კი არ უნდა მოვარგოთ კანონმდებლობა, არამედ პარტიები უნდა მოერგონ ხალხის განწყობებს. ისეთი პროგრამები უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს, რომ ხალხმა თქვას, ამ პარტიის გარდა სხვა არავინ გვინდაო. 37 ათას ხმაზე მეტის მობილიზება რომ არ შეუძლია, იმ პარტიას მართლა არაფერი ესაქმება პარლამენტში. იზრუნონ, ან კარგი პროგრამები შესთავაზონ საზოგადოებას, ან კარგი ლიდერი ჰყავდეთ, რომელსაც ხალხი გაჰყვება, ან გაერთიანდნენ, ან რაღაც გააკეთონ. არ მოხდება 2%-მდე ჩამოწევა, ეს არის გამორიცხული, 100%-ით გეუბნებით ამას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.