ევროკავშირის რეკომენდაციებზე, ოპოზიციის მიზნებსა და დასკვნის საბოლოო შინაარსზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა. როგორც მან განაცხადა, წარსულში დარჩა ოპოზიციის მხრიდან გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოს არ მიეღო დადებითი რეკომენდაცია.
„უამრავი განცხადება შეიძლება გავიხსენოთ, დღეში რამდენიმე კეთდებოდა, რომ საქართველო არ იმსახურებს და არ უნდა მიიღოს სტატუსი. როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველო არღვევს უკრაინასთან მიმართებით რუსეთისადმი დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, ეს პირდაპირ ნიშნავდა, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და უამრავი მსგავსი მინიშნება იყო. მათ შორის ის, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, რომ ვიდრე მიშა არ გათავისუფლდება ციხიდან, ქვეყანა ვერ მიიღეს სტატუსს, თუმცა ეს ყველაფერი დარჩა წარსულში. ყველაფერს აკეთებდნენ, ხარჯავდნენ მილიონებს ლობიზმში, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება დადებითისკენ იხრებოდა, ამის შემდეგ ოპოზიციამ შეცვალა რიტორიკა და დაიწყო სხვანაირი საუბრები. ამას ემსახურებოდა ბოლოდროინდელი მათი ვოიაჟები დასავლეთში. მიზანი იყო მოეთხოვათ, თუ გვაძლევთ, ისე მაინც მოგვეცით, რომ რაღაც დათქმები იყოს. საბოლოოდ კი, არანაირი დათქმა არ ყოფილა, იყო რეკომენდაციები და მათი რაოდენობა მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე მხოლოდ გაიზრდება.
მთლიანობაში თითქმის 36 თავისგან შედგება ეს რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს რეკომენდაციები აუცილებლად იქნება შესასრულებელი საქართველოსთვისაც, მოლდოვისთვისაც, უკრაინისთვისაც და იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი დიდი ხანია აქვთ და იმყოფებიან მოლაპარაკებების ეტაპზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.