„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ორშაბათიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებს ხსნის. ამის შესახებ ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს, როდესაც ქვეყანას უკვე ოფიციალურად ჰყავს რუსეთის აგენტი, როდესაც ქვეყანას ტყვეობაში ჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, შეუსრულებელია 12 პუნქტი, დასანქცირებული არიან მოსამართლეები და მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით გვაკვირდება და ხედავს, როგორი უდიდესი სირცხვილით მიგვაქანებს ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ, ეს არის პროცესი, რომელიც დღეს უკვე უმართავია, ეს არის ტემპი, რომელსაც თუ დროულად არ შევაჩერებთ, ძალიან გვიანი იქნება.
დღეს არის ერთობის დრო. დღეს უნდა ვიყოთ ერთად. დღეს არის დრო, ვიდგეთ ერთ მუშტად შეკრული და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის თავისუფლებისთვის და დავიხსნათ ქვეყანა ჭაობიდან. დღეს, როდესაც ჩვენს შვილებს ჩვენი ქვეყნიდან წასვლა უნდათ, რადგან უმართავ პროცესებს უყურებენ, ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ და შევაჩერებთ მხოლოდ ერთობით. გასაღები ერთობაშია და მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ამ რუსული მარწუხებისგან. დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ადამიანების ერთად დგომით ამას აუცილებლად შევძლებთ. დღეს გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს და დარწმუნებული ვარ, ამას ყველა გაითავისებთ და ერთად ამას შევძლებთ.
მინდა, გითხრათ, რომ ორშაბათს იხსნება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები, სადაც ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, თქვენთან კონსულტაციებით უნდა შევქმნათ გამარჯვების ფორმულა, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გელოდებით ყველას. ძალიან მალე დაგიანონსებთ მისამართს. ორშაბათიდან, 24 საათის განმავლობაში გელოდებით ყველას. ერთ მუშტად შეკრულებმა უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.