აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიო ლოქაბიძემ „იმედი LIVE“-ს ეთერში სააღსრულებო პროცესების მართვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები განმარტა.
„ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, სააღსრულებო კანონმდებლობის ნაწილში , პრაქტიკულად, სრულად გაიზიარა და დანერგა ევროპული სტანდარტები, საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება და იმეორებს მაღალგანვითარებული დემოკრატიის ქვეყნების კანონმდებლობას.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი სტანდარტი ყველა ტიპის წარმოებაში არის ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა საფრთხის ადეკვატური და შესატყვისი მეთოდების გამოყენებით. სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი ადგენს სპეციალური საშუალების ქონის შესაძლებლობას, თუმცა, აქვეა საკანონმდებლო დათქმა, რომ სპეციალური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული საფრთხის ადეკვატურად.
რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, კანონი ცალსახად არ ითვალისწინებს ასეთი ტიპის სპეციალური საშუალების არსებობას. ფაქტია ის, რომ ჩვენ დღეს გვყავს აღსრულების პოლიციის 14 თანამშრომელი, რომელთაც მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. ამას გარდა, დაზიანდა სახელმწიფო საკუთრება. ორივე ფაქტთან დაკავშირებით." - სოფიო ლოქაბიძემ განაცხადა
ცნობისთვის, "2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება - თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია