აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფო ლოქაბიძემ „იმედი LIVE“-ს ეთერში გამოსახლების პროცედურებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციებზე ისაუბრა.
"აღსრულების ბიუროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ სასამართლო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირმა იგრძნოს სასამართლოს გადაწყვეტილების რეალური შედეგი და სწორედ ამიტომაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას. ყველას მოგვეხსენება, რომ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური არჩევანი სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა და სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ არ იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული. იმისათვის, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონი იყოს დაცული, არსებობს ერთ-ერთი მეთოდი – სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულება.
ზოგადადაც, ნებისმიერი ადამიანის, მოქალაქის სურვილია, რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივი წესრიგის პირობებში და არა ანარქიის, რომელსაც იწვევს კანონის აღუსრულებლობა.
აღსრულების ბიუროს ფუნქციაა ძირითადი უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტირება. პრაქტიკული მაგალითით რომ წარმოვიდგინოთ, ორ პირს შორის დადებულია სამოქალაქო გარიგება და ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულება დაირღვა, დასაწყის ეტაპზე მხარეები ცდილობენ, მორიგდნენ, მაგრამ თუკი მორიგება ვერ მიიღწევა, იმ პირს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, უწევს, წავიდეს დავის მოსაგვარებლად სასამართლოში. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ცხადია, დავის მონაწილე ერთ-ერთი პირისთვის შესაძლოა, არ იყოს სასურველი. თუმცა, კონსტიტუცია ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობას და სწორედ ამიტომაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა, სასამართლოს მიერ დადგენილი შედეგი რეალურად განხორციელდეს“, – განაცხადა სოფო ლოქაბიძემ.
ცნობისთვის, "2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება - თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია