„ჩემი კოლეგის მიერ რეპეტიტორიუმის ინსტიტუტთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუე კიდევ ერთი მცდელობაა უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება, მათ შორის, რეგულირდება საგანმანათლებლო მიმართულება, რაც პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას გულისხმობს.

„კანონი თვალისწინებს, რომ თუ პედაგოგს სურს დამატებითი საქმიანობა, მათ შორის, სხვა სკოლაში სწავლება, ეს უნდა მოხდეს დირექტორთან შეთანხმებით. ეს არის თავისუფალი შრომის უფლების დაცვა გამჭვირვალობის პირობებში და არა აკრძალვა. ის რომ რეპეტიტორიუმის აკრძალვა ხდება იურიდიული აბსურდია, ვინაიდან, კერძო რეპეტიტორიუმის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში უბრალოდ არ არსებობს, არც ერთ საკანონმდებლო აქტში ეს ცნება მოხსენებული არ არის. შესაბამისად, ის რაც კანონით არ არის დარეგულირებული, იმის აკრძალა ფიზიკურად შეუძლებელია და ეს არის მხოლოდ მანიპულაცია და საზოგადოების, მათ შორის, პედაგოგების შეშინების მცდელობა“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.