გუნდი მყარად დგას, ისე, როგორც არასდროს, დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა და განმარტა, რომ მუქარები და სანქციების თემა არაფერს ნიშნავს.
„დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა. ბულინგი და მუქარა, რომელიც ჩვენ მიმართ მოდის, აბსურდია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ საქართველო იყოს განვითარებული და დამოუკიდებელი. მუქარები და სანქციების თემა არაფერს ნიშნავს. ალბათ ყველა მიხვდა, რომ ჩვენ სავიჟო რეჟიმით ვერ შეგვაშინებენ. გუნდი მყარად დგას, ისე, როგორც არასდროს. მყარად ვდგავართ, რადგან ვიცით, ეს კანონპროექტი რას ემსახურება. ვიცით, ქვეყანას რა სჭირდება“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
შეგახსენებთ: გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 14 მაისს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტის ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით წესრიგდება შემდეგი ძირითადი საკითხები: უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტება; სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია და სხვა სათანადო პროცედურული საკითხები; უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენა; კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.
შეგახსენებთ, საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია
2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.