უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ „ნაცმოძრაობის“ ყვავივით შავი პოლიტიკოსები. ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი ახსენებს ხალხს, სინამდვილეში ვისთან აქვთ საქმე.
„თავის დროზე, როდესაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად ამ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ უცხოელი მფარველები, რომ მათ მართლმსაჯულების ხელი არ შეეხოთ. რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები გასამართლებული იქნენ, თუმცა ხედავთ, დღემდე როგორ ცდილობენ, გაათეთრონ „ნაცმოძრაობის“ ყვავივით შავი პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, მაგრამ ზუსტად ასეთი დღეები გვახსენებს, სინამდვილეში ვისთან გვაქვს საქმე.
ეს ისეთივე იდეოლოგიაა, ვინაიდან არ არის დაკავშირებული დროსთან და პარტიასთან, ეს არის იდეოლოგია, „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია და ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ყველა არის ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან. ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას მიაყენებენ კედელთან, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ეგზეკუცია ქართველ ხალხს. ეს ხალხი ახლა გაფანტულია, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი – არასამთავრობო სექტორში, მაგრამ სოცქსელებში ვხედავთ ხოლმე მათი ბოღმის ამოხეთქვას, ერთი სული აქვთ, ხელში ჰქონდეთ ცოტა ძალაუფლება და მთელ საქართველოს გადაუვლიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.