თავად თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ორ ძალას შორის - „ქართულ ოცნებასა“ და მის მოპირისპირედ მყოფ ძალას „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ამიტომ, ამ არჩევნებზე ყველა ეს პარტია საბოლოოდ გაფორმდა, ოფიციალურად და საჯაროდ როგორც „ნაცმოძრაობა“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ძლიერ საქართველოს“ და „გახარიას საქართველოსთვის“ საარჩევნო ბარიერი გადაალახვინა.
მისივე თქმით, ხმის მიცემა ხდებოდა კოორდინირებულად, ოჯახში მყოფი რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა პარტიაზე ანაწილებდა ხმას, რათა რამდენიმე პარტიას შესძლებოდა ბარიერის გადალახვა, სწორედ ამიტომ ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ არჩევნების შემდეგ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობა“.
„ამას ვეღარ გაექცევიან, მათ შორის ბარიერგადალახული 4 პარტია. ამ არჩევნების შემდგომ თავად გაიფორმეს თავი, როგორც „ნაცმოძრაობამ“. ეს ერთი. და მეორე - ჩვენც ვაკვირდებოდით და არა მხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ოჯახში ანაწილებდა ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა, იმისთვის რომ სხვადასხვა პარტიაზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა რამდენიმე პარტიას ბარიერი.
მათი ამოცანა იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. მაგრამ ვნახეთ, რომ ამის საპირისპიროდ დადგა ქუდზე კაცი. ის რიგები თვითონ რომ უხაროდათ და საცობები აღმოჩნდა, რომ ზუსტად მათ საწინააღმდეგოდ ხმის მისაცემად მიდიოდნენ თავიანთ საარჩევნო უბნებში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.