ქართველი ხალხისთვის გაუგებარია, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული კულტურა ევროპული კულტურის თანაშემოქმედია.
„მგონი, ახლა უკვე ღიად ისმის კითხვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ჩვენ ხშირად გველაპარაკებიან ევროპული ღირებულებებზე, თუმცა ქართველებში უკვე კითხვის ნიშანი რჩება, გვესმის თუ არა ერთნაირად, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. ქართველებისთვის წარმოუდგენელია, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა, რათა ზეგავლენა მოახდინო სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. ეს არ არის ევროპული ღირებულება. რომელიმე ევროპელი თუკი ასე თვლის, მაშინ ღიად თქვან და არა ასე შეფარულად. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. მაშინ გვითხრან, ეს არის თურმე ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით, აქამდე და სხვა რაღაც გვეგონა ევროპა და ევროპული ღირებულება.
ჩვენ ქართველები ვართ, დიახაც, ევროპული ღირებულებების თანაშემოქმედი, ჩვენი ქართული კულტურა არის თანაშემოქმედი ევროპული კულტურისა. როცა ვსაუბრობთ ევროპულ ღირებულებებზე, ვსაუბრობთ მათ შორის ქართულ ღირებულებებზე. გვითხრან, აგვიხსნან, თუკი სხვა ქვეყანაში ფარულად ფულის ხარჯვა არის ევროპული ღირებულებები, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპული ღირებულებები; სკოლებში და ბაღებში პროპაგანდა, რომ არსებობს უთვალავი სქესი, თუკი არის ევროპული ღირებულება, მაშინ გამოდის, ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპული ღირებულება. გვითხრან პირდაპირ, რა არის ევროპული ღირებულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.