აკანკალებული ხმით საუბარი თქვენს ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ექვსი ადამიანი დაკავებულია - თქვენი ეს აკანკალებული ხმა, თუ რაიმე გულწრფელ ემოციებს შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე სავარაუდო დანაშაულზე. მოქალაქეებზე ძალადობის გამო არის ის ბრალდებული და იმყოფება მიმალვაში, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, სოფიო ხორგუანს პლენარულ სხდომაზე, რითაც უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.

„მე მგონი, თვალ-ყურას ადევნებთ, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენც და არც პარლამენტი გჭირდებათ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დაკავებულია 6 პირი. მე მგონი, სახელმწიფოს პასუხი ეს არის და არა ის, ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც თქვენ ყალბ პათეტიკას ავლენს ხოლმე ყოველ ჯერზე. აკანკალებული ხმით საუბარი თქვენს ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, 6 ადამიანი დაკავებულია. ეს არის სწორედ სახელმწიფოს პასუხი და არა ის ყალბი პათეტიკა, რომელიც თქვენ გაქვთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში. ქალბატონო სოფიო, მისმინეთ, მისმინეთ - შეგახსენებთ, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ. ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები. ის მიეცა პასუხისგებაში და არის მიმალვაში. თქვენი ეს აკანკალებული ხმა, თუ რაიმე გულწრფელ ემოციებს შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულზე, რასთან დაკავშირებითაც ბრალდება აქვს წარდგენილი. ზუსტად ამისთვის, ზუსტად ამისთვის! მოქალაქეებზე ძალადობის გამო არის ის ბრალდებული და იმყოფება მიმალვაში და ვინ, ვინ და თქვენი პარტია ამაზე არ უნდა საუბრობდეს, რომლის თავმჯდომარეც არის ადამიანი, ვინც ზუსტადაც მოქალაქეებზე ძალადობაში პოლიციის მხრიდან ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თუ არ ვიცი, როგორი ბრალი აქვს წარდგენილი“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სოფიო ხორგუანი შალვა პაპუაშვილს: დიდი იმედი მქონდა, რომ დღევანდელ დღეს გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდით - სისტემა გახდა ანგარიშსწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული, კანონმორჩილი ადამიანის დასასჯელად