“ბათუმელებისა”, “ნეტგაზეთის” მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას რაც შეეხება, თითქოს სახელმწიფოსგან რაღაც ქონება ვიყიდე, ეს არის ტყუილი და ამის გამო მათ ბოდიშის მოხდა მოუწიათ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიწა პაპისეულ საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც მასა და მის ბიძაშვილს ეკუთვნოდა.
„ერთ ლარად იმიტომ არის, რომ ეს ფაქტობრივი თანასაკუთრება იყო. ჯერ გვქონდა იჯარა გამოსყიდვით, შემდეგ დაახლოებით 14 წლის წინ შევისყიდეთ და იყო ჩემ და ჩემი ბიძაშვილის თანასაკუთრება. ვინაიდან ერთობლივ ხარჯი გვქონდა, მოხდა გამიჯვნა. ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება, რომელიც შესაბამისად დარეგისტრირდა და ნასყიდობის ხელშეკრულებით არის იმიტომ, რომ ხარჯები გვქონდა საერთო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ზუსტად ის მედიასაშუალებები არიან, რომლებიც დამფინანსებლებს მალავენ.
„სავარაუდოდ „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ფინანსდება ევროპის დემოკრატიის ფონდიდან და ამერიკის ფონდიდან. ეს ის ორი ორგანიზაციაა, რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს და როგორც ჩანს, ზუსტად ეს ორი ორგანიზაცია იყენებს ამ მედიასაშუალებებს, რათა თავს დაესხან პარლამენტის წევრებს და ზიანი მიაყენონ კანონპროექტს. კანონპროექტი, რა თქმა უნდა, მათ გამჭვირვალობას ეხება და არ უნდათ რომ იყვნენ გამჭვირვალეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.