ის არის ისტორიაში პირველი მსჯავრდადებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და მგონი, მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ მხრივ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტების საჭიროება არ არსებობს. მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტების მიზანი პატიმრის მდგომარეობის შეფასება უნდა იყოს, ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, ექსპრეზიდენტისგან პოლიტიკური კონსულტაციების მიღება სურთ.
„ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომელიც მას შეუძლია მიანიჭოს რომელიმე პარლამენტის წევრს. მთავარი ამოცანა ამ დროს არის მსჯავრდადებულის პირობების გაცნობა საპატიმრო დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილის პირობები ყველამ იცის, ყოველდღე ვხედავთ და ყველას: მის ოჯახს, ექიმებს, სახალხო დამცველს, ადვოკატებს - ყველას აქვს წვდომა. ის არის ისტორიაში პირველი მსჯავრდადებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და მგონი, მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ მხრივ.
მე გარკვეული პერიოდია უკვე, მასთან შესვლის ნებართვას აღარ ვანიჭებ პარლამენტის წევრებს, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ვნახეთ კიდევაც განცხადებები, რისთვისაც უნდათ მათ იქ შესვლა, ეს არის პოლიტიკური კონსულტაციები და ეს არ არის ამოცანა ამ უფლებით სარგებლობისა, რომ პოლიტიკური პაემნები ჰქონდეთ პოლიტიკურ ლიდერთან.
ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის სამართლის დამნაშავეზე, რომელმაც დეპუტატი აცემინა სიკვდილამდე; რომელიც ადამიანის მკვლელებს ხელს აფარებდა (გირგვლიანის მკვლელობას ვგულისხმობ); ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობის პასპორტი დახია იმისთვის, რომ სხვაგან კარიერა გაეკეთებინა; ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ორგანიზებულად შემოიყვანე საქართველოში აქ არეულობის მოსაწყობად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ - ამ ადამიანზე ვსაუბრობთ. საუბარი იმაზე, რომ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს ეძახის პარტიას ("ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ) და რომლებიც ამბობენ, რომ თავიანთ ლიდერად აღიქვამენ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც საქართველოს პასპორტი დახია... რა პოლიტიკაში მონაწილეობას ადა კონსულტაციაზე აქვთ მათ საუბარი, ამ მორალურ მხარეს რომ შევხედოთ თუნდაც. ამიტომ ერთი, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს და მეორე - მიზანი ასეთი ვიზიტებისა არ არის პოლიტიკური კონსულტაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.