„ალდე“, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ მათი გუნდის ნაწილი ტერორისტია და გაემიჯნოს. ამ საკითხს ასე ადვილად ვერ მოიცილებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე „ლელომ“ უნდა განაცხადოს, რიცხავენ თუ არა საკუთარი რიგებიდან ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა“.

„ვნახე „ლელოს“ განცხადება, როგორ უნდა გავრიცხოთ ალეკო ელისაშვილი, როდესაც ჩვენი პარტიის წევრი არ არისო. მგონი, უნდა დაივიწყონ, რომ ასეთი ვირეშმაკობით ქართველ ხალხს თვალებში ნაცარს შეაყრიან. კოალიცია ხომ ჰქონდათ და აქვთ დღემდე. ალეკო ელისაშვილი მათი სახეა და ვიცე-მერობის კანდიდატი იყო, აქვთ ერთობა. კითხვა არის მარტივი, თქვან, ალეკო ელისაშვილი არის მათი გუნდის წევრი თუ – არა; ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა, რჩება თუ არა წევრად, გინდ პარტია დაარქვან, გინდ გუნდი და გინდ კოალიცია, თუ დაიშალა მათი გაერთიანება. მეორეც, ერთიანი პარტიული სიით გამოდიოდნენ არჩევნებზე. ეს არის ერთი გუნდი და უნდა გაემიჯნონ, გარიცხონ ტერორისტი საკუთარი რიგებიდან. „ალდე“, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ მათი გუნდის ნაწილი ტერორისტია და გაემიჯნოს. ამ საკითხს ასე ადვილად ვერ მოიცილებენ. ასე რომ, „ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რიცხავენ თუ არა საკუთარი რიგებიდან ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“. არცერთი მხრიდან თუ არ იქნება ასეთი განცხადება, ჩავთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკუთარ გუნდში ჰყავს ტერორისტი. „ლელოს“ და „ალდეს“ შემთხვევაში თუ არ იქნება გამიჯვნა, მათი გუნდი იქნება, როგორც ტერორისტის თავშესაფრის მიმცემი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით,  ალეკო ელისაშვილმა ჩაამსხვრია თბილისის  საქალაქო სასამართლოს შენობის მინა, შეაღწია კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა და შენობის დაწვა სცადა - ის მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლო გაითვალისწინა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და  თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ ალექსანდრე ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა