მიმდინარეობს კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, ქვეყნის გამთლიანებაზე. გვაპარებენ წვეთ-წვეთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის დასმულ კითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს“.

მისი თქმით, ქვეყნის ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ხალხის კეთილდღეობა, ქვეყნის გამთლიანება და სხვა არცერთი მიზანი არ არსებობს, რომელიც ამაზე ზემოთ დგას.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ პირდაპირ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მინდა, ამას ხაზი გავუსვა. ჯერ დაიწყო ბარამიძის განცხადებით, რომელმაც ომის დანაშაულები დააბრალა საქართველოს და ქართველ ჯარისკაცებს 90-იან წლებში მიმდინარე დაპირისპირებისას, შემდეგ გვარამიამ, რომელმაც უწოდა ისტორიული ტრავმა, რომლისგანაც საჭიროა გათავისუფლება და პარალელები გაავლო რატომღაც სომხეთთან. თქვა, რომ, მისი შეფასებით, როგორც სომხეთი გათავისუფლდა ყარაბაღის ტრავმისგან და პერსპექტივები გაეხსნა, ასე უნდა გავთავისუფლდეთ ჩვენც ამ ტრავმისგან. პირდაპირ გამოჩნდა ამით, რა ხედვა აქვთ მათ ქვეყნის მთლიანობასთან დაკავშირებით. ეს გაგრძელებაა იმ ხაზის, რომელიც ზოგადად კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ჰქონდა, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როცა სააკაშვილი ამბობს, რომ აფხაზებს ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება, ის, რომ შერიგების პოლიტიკას აზრი არ აქვს. ბოკერიას განცხადება, რომ შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი, გვარამიას განცხადება, რომ ეს არის ტრავმა და ეს ტრავმა ბლოკავს ჩვენს განვითარებას, უნდა მოვიცილოთ და წინ გავიხედოთ, მისი გადმოსახედიდან.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული კამპანია, რათა საქართველომ ჩააბაროს საკუთარი ტერიტორიები რუსეთს და უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, საკუთარი ქვეყნის გამთლიანებაზე. გვაპარებენ ასე წვეთ-წვეთად, ნელ-ნელა და ამას დაამატებენ, რაზეც საუბრობს გვარამია, სომხეთთან პარალელებით, რომ ამის სანაცვლოდ რაღაც პერსპექტივები გაიხსნება. ამავეს ეუბნებიან უკრაინას, რომ კომპრომისზე წავიდეს ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამით გაეხსნება უფრო მეტი პერსპექტივა განვითარებაში. ამავეს ეუბნებიან მოლდოვას დნესტრისპირეთთან დაკავშირებით. ახლა, როგორც ჩანს, მოგვადგნენ ჩვენ და აქედანვე უნდა გაეცეს ძალიან მკაცრი პასუხი, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ქვეყნის მთლიანობით არ იქნება არანაირ მიზანთან დაკავშირებით. ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნის ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა – ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის გამთლიანება. სხვა დანარჩენი, არცერთი მიზანი არ არსებობს, რომელიც ამაზე ზემოთ დგას. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ვანაცვალებთ არანაირ სხვა მიზანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.