საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ტედი რინერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი პარიზში, მერების 108-ე კონგრესზე (Salon des maires) გამოჩნდნენ. ორივე კანდიდატი 500 მერის მხარდამჭერი ხელმოწერის შეგროვებას ცდილობს, თუმცა შეხვედრების მთავარ თემად რინერის მოულოდნელი და ხმაურიანი განცხადებები იქცა უკრაინის ომსა და ვადამდელ არჩევნებზე.

ერთკვირიანი ინტერვალით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა დომინიკ დე ვილპენმა და ტედი რინერმა პარიზის საგამოფენო ცენტრ „პორტ დე ვერსალის“ (Porte de Versailles) პავილიონები შემოიარეს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გული მოეგოთ. ფრანგული გამოცემების — Le Figaro-ს, La Provence-ის, TF1-ისა და AFP-ის ცნობით, სხვადასხვა პოლიტიკური წარმომავლობის მქონე ორივე პრეტენდენტისთვის 500 ხელმოწერის მოპოვება პირველი სერიოზული გამოცდაა.

ტედი რინერი: სელფები, სტრესი და ხმაურიანი განცხადება უკრაინაზე

პოლიტიკის დებიუტანტ ტედი რინერს კონგრესზე ათობით ჟურნალისტი, კამერა და თაყვანისმცემელი დახვდა. ვითარება იმდენად ჰგავდა ვარსკვლავის კონცერტს, რომ ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა კიდეც:

„არ ვიცი, მერების გამოფენაზე ვარ თუ კონცერტზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სუპერვარსკვლავის გვერდით ვიმყოფები“.

მიუხედავად პოპულარობისა, რინერი აღიარებს, რომ ხელმოწერების შეგროვების პროცესი მისთვის უცხო და სტრესულია:

„ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ სტრესი არ მაქვს. ვაცნობიერებ, რომ მხარდამჭერი ხელმოწერები მჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით საქმე კარგად მიდის. ჩვენ უკვე ასეულს გადავაბიჯეთ“.

მისი თქმით, დაახლოებით 50 ხელმოწერა უშუალოდ კონგრესის ფარგლებში მოიპოვა. რინერმა კატეგორიულად უარყო მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ერთობლივ პრაიმერიზში მონაწილეობა:

„პრაიმერიზი იმ ხალხისთვისაა, ვისაც პარტიული იარლიყი აქვს. მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ: არანაირი პოლიტიკური იარლიყი არ მაქვს. მე მინდა, რომ ფრანგ ხალხს ველაპარაკო. თუ ფეხზე წამოვდექი და ბრძოლაში ჩავები, იმიტომ, რომ ის, რასაც ჩემი შვილებისა და საფრანგეთის მომავლისთვის მთავაზობენ, არ მომწონს. როცა ბრძოლას ვიწყებ, ის ბოლომდე მიმყავს“.

თუმცა, მისი ვიზიტი სკანდალის გარეშე არ დასრულებულა. ჟურნალისტებთან საუბრისას რინერმა მოულოდნელად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა და უკრაინის ომზე გააკეთა განცხადება, რამაც ხელმოწერების თემა გადაფარა:

„არჩევნები უნდა დავაჩქაროთ, რადგან მიმდინარე მოვლენები კარგს არაფერს გვიქადის. უკრაინაში ჯარებს ისე ვაგზავნით, რომ საქმის კურსშიც არ ვართ. არ მესმის, რატომ ვაგზავნით ჯარს უკრაინაში, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“.

მოგვიანებით მან პოზიციის შერბილება სცადა და დასძინა, რომ სურს იყოს

„ის ადამიანი, რომელიც გააერთიანებს და ამ ომს დაასრულებს“.

დომინიკ დე ვილპენი და მერების სიფრთხილე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი, რომელიც არჩევნებში თავისი მოძრაობით — „ჰუმანისტური საფრანგეთი“ (La France humaniste) მონაწილეობს, აცხადებს, რომ 500-დან დაახლოებით 300 ხელმოწერა უკვე გარანტირებული აქვს. მიუხედავად გამოცდილებისა, ისიც აღნიშნავს, რომ წელს მერების დაყოლიება განსაკუთრებით რთულია:

„ძალიან ბევრი კანდიდატია. მერები იმედგაცრუებულნი არიან ემანუელ მაკრონის მიერ შუალედური რგოლების უგულებელყოფით. არსებობს დიდი თავშეკავება და უხერხულობა იმის გამო, რომ მათ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი საჯაროდ უნდა გაამჟღავნონ“.

დე ვილპენის შეფასებას ადგილობრივი მერებიც ადასტურებენ. ერთ-ერთი კანდიდატის წარმომადგენელი გამოცემა La Provence-თან საუბარში განმარტავს:

„დღეს თხუთმეტამდე მერს შევხვდი, მაგრამ ყოველ ჯერზე დიდ თავშეკავებას ვაწყდები. ისინი გვეუბნებიან, რომ უპარტიოდ აირჩიეს იმ პირობით, რომ პოლიტიკურად არ მიემხრობოდნენ რომელიმე მხარეს და ხელმძღვანელობენ ისეთ მუნიციპალურ საბჭოებს, სადაც მემარჯვენეებიც არიან და მემარცხენეებიც“.

თავად მერების ნაწილი ტედი რინერის კანდიდატურას სკეპტიკურად უყურებს. სენ-მამერ-დიუ-გარის უპარტიო მერი, სერჟ რუვიერი ამბობს, რომ ჯერ ელოდება, „უკეთ გაიცნოს ის და ნახოს, რას შესთავაზებს პროგრამის თვალსაზრისით“.

კურტუა-სიურ-იონის მერი ერიკ ბერტო კი უფრო კრიტიკულია:

„ვფიქრობ, ის დიდ ძიუდოისტად უნდა დარჩენილიყო — მთელ საფრანგეთს უყვარდა, ახლა კი ქვეყნის ნახევარს გადაიმტერებს. მას არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეები არც ეკონომიკაზე, არც ჯანდაცვასა და არც საერთაშორისო ურთიერთობებზე“.

ფრანგული მედიის შეფასებით, კონგრესზე არსებული ვითარება აჩვენებს, რომ სანამ გამოცდილი პარტიული ლიდერები (მაგალითად, ედუარ ფილიპი) ხელმოწერებს მარტივად აგროვებენ, „სისტემის გარეთ“ მყოფი კანდიდატებისთვის მერების კონგრესი მხოლოდ პირველი ნაბიჯია — როგორც თავად კამპანიის მონაწილეები ამბობენ, ისინი აქ ჯერ მხოლოდ „მარცვლის დასათესად“ მივიდნენ.


მოამზადა რაულ კაპანაძემ