მომდევნო სასესიო კვირას მივიღებთ პროექტს, დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შემოტანილი კანონპროექტი არ იძლეოდა შესაძლებლობას ახალი ინიციატივისთვის, საჭირო იყო დამატება.
„ამიტომ მთავრობამ გაიწვია და ხელახლა შემოიტანს სრულ პაკეტს, სადაც კანონპროექტიდან გამომდინარე იქნება ასახული, ანუ იყო ტექნიკური საკითხი. შემდეგ სასესიო კვირას მივიღებთ ამ პროექტს, დაგეგმილია რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან, მისი გამოცდილებიდან იყო მოაზრებული, რომ პრემიერ-მინისტრს ჰყოლოდა ვიცე-პრემიერი, რომელიც კოორდინირებას გაუწევდა საკითხს, იქნებოდა ისეთი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი, რომელიც კომპლექსურ საკითხს გაუწევდა კოორდინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ, სამწუხაროდ, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მთავრობა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით იქნება თავად ამ საკითხების განმახორციელებელი და კოორდინატორიც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










