თბილისში აღმოჩენილი არტეფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარია არტერია გადიოდა თბილისზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არტეფაქტები დედაქალაქის ისტორიას განსაკუთრებული შტრიხებს ამატებს.

„დედაქალაქის მერთან ერთად დავათვალიერეთ ის ადგილი, რომელიც სამუშაოების დროს აღმოჩნდა. ეს კიდევ ერთი ფურცელია ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში. უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, რომ ამ სამუშაოების განხორციელების პროცესში ყურადღებით არიან იმ არქეოლოგიურ არტეფაქტებთან, რომლებიც შეიძლება, გამოჩნდეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო არქეოლოგებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი მონაკვეთის ეპიზოდი დაგვანახონ.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ვნახეთ ადგილი, სადაც, როგორც ჩანს, იყო თიხის საამქრო, ქურაში დარჩენილი თიხის ჭურჭელია, რომელიც, ალბათ იქ დარჩა  რაღაც ისტორიული მოვლენის გამო, იქნებოდა ეს შემოსევა თუ თავდასხმა, მას შემდეგ დარჩა მიწის ქვეშ. ახლა, საუკუნეების შემდეგ, როგორც აფასებენ არქეოლოგები, დაახლოებით მე-10 – მე-11 საუკუნის არტეფაქტებია, რომლებმაც ამდენი საუკუნის შემდეგ პირველად იხილეს მზის შუქი. ეს კიდევ ერთხელ ამატებს ჩვენი ქვეყნის და დედაქალაქის ისტორიას განსაკუთრებულ შტრიხებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მთავარია არტერია გადიოდა თბილისზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.