ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, ქვეყანა დაანგრიოს, იყოს სისხლისღვრა, სახელმწიფოს დამხობა, ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკვე წლებია, მათი მეთოდია, სხვადასხვა ტრაგედიაზე პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.
„ამაში უკვე სამწუხაროდ, არაფერი გასაკვირი არ არის. ეს ასეთი მოწყობის ხალხია, ასეთი ჯგუფია. ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, ყველაზე კარგად ეს ვნახეთ ჩვენ შარშან 4 ოქტომბერს, 7 ათასი ადამიანი, რომელიც მზად არის, ქვეყანა დაანგრიოს, სისხლისღვრა იყოს, სახელმწიფოს დამხობა იყოს – ამ ყველაფერზე წამსვლელია. გვყავს საზოგადოებაში ეს 7 ათასი ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდია, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.
ყველა ასეთ დროს, როდესაც ცდილობდნენ, ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიმტვრიეს იმ მხრივ, რომ გამოჩნდა, ან თავიდანვე ჩანდა, რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართულია მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის თავს მედიას უწოდებენ და სინამდვილეში უბრალოდ ისტერიას და მანიპულაციას არიან მიყოლილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და „გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად ჩართული იყვნენ ამ უბედური შემთხვევის დადგომაში და საბოლოო პასუხი გაეცემა გამოძიების მხრიდან ყველა ამ საკითხს“.
„შეთქმულების თეორიის მოყვარული უნდა იყოს ვინმე, ვინც ამ საქმეზე ფაქტებს არ ენდობა, ან ძალიან დიდი მტერი უნდა იყოს საქართველოსი და ქართული საზოგადოების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










