საფრანგეთში, კანტალის რეგიონის პატარა სოფელმა პარლანმა მოსახლეობის გაორმაგება და ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება ახალი მცხოვრებლებისთვის მიწის ნაკვეთების უფასოდ გადაცემის პროგრამით შეძლო.

ინიციატივა 2008 წელს მერმა მიშელ ტეისედუმ დაიწყო, როდესაც მოსწავლეთა სიმცირის გამო სოფლის სკოლამ მასწავლებლის შტატი დაკარგა.

მუნიციპალიტეტი შეისყიდის მიწებს და უფასოდ (ან სიმბოლურ ფასად — 1000 კვ.მ-ს 5 ევროდ) გადასცემს მათ, ვინც საცხოვრებელს პირველად იძენს. სანაცვლოდ, ახალმოსახლეები ვალდებულნი არიან, ააშენონ სახლი და სოფელში მინიმუმ 10 წელი იცხოვრონ. შედეგად, სოფელში 30-მდე ოჯახი გადავიდა, მოსახლეობა 280-დან 504-მდე გაიზარდა, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვმა კი 32-დან 56-ს მიაღწია.

მოსახლეობის მისაზიდად მერიამ ინფრასტრუქტურაშიც ჩადო ინვესტიცია: გაიხსნა სასურსათო მაღაზია, საცხობი, საპარიკმახერო, რესტორანი და ოსტეოპათის კაბინეტი, რათა ადგილობრივებს 35 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ორიაკში სიარული აღარ დასჭირვებოდათ.

"ვფიქრობ, სწორი მიდგომაა ვიკითხოთ არა ის, თუ რა ჯდება ეს, არამედ ის, თუ რა მოგება მოაქვს. არ არსებობს ტერიტორიები მომავლის გარეშე, არსებობს მხოლოდ ტერიტორიები პროექტის გარეშე" — აცხადებს სოფლის მერი.