თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში „მექას ერთობლივი თავდაცვის ალიანსის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ისაუბრა ალიანსის სწრაფ ინსტიტუციონალიზაციაზე და მკაცრი შეფასება მისცა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს თურქი გულშემატკივრების მიმართ პოლიციის ქმედებებს.
ისლამაბადში, „მექას ერთობლივი თავდაცვის ალიანსის“ სტრატეგიული პოლიტიკური და თავდაცვის კომიტეტის მეორე რიგით სხდომაზე თურქეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი სელჩუკ ბაირაქთაროღლუ წარმოადგენდნენ. ფიდანის განცხადებით, ალიანსის ინსტიტუციონალიზაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს — უკვე მიღებულია პრინციპული გადაწყვეტილებები სამოქალაქო შტაბის (გენერალური სამდივნოს) და ერთობლივი სამხედრო სარდლობის შექმნის შესახებ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ალიანსში გაწევრიანების მსურველი სხვა ქვეყნების მიღების პროცედურები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, კომიტეტის მომდევნო სხდომას კი თურქეთი უმასპინძლებს.
ბათუმის ინციდენტი და დიპლომატიური რეაგირება
მინისტრმა ვრცელი კომენტარი გააკეთა გუშინ ბათუმში, „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის გამართული მატჩის დროს ტრიბუნებზე განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს პოლიციის მხრიდან თურქი გულშემატკივრების მიმართ ძალის გამოყენებაზე. შეკითხვაზე, თუ როგორია ამ დროისთვის არსებული ვითარება, ჰაქან ფიდანმა განაცხადა:
„როდესაც ეს სამწუხარო და მიუღებელი მოვლენები ხდებოდა, მე თვითმფრინავში ვიმყოფებოდი. გუშინ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომიდან გამოვედით, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ჩავსხედით თვითმფრინავში და პაკისტანში მოვფრინავდით. სწორედ ამ დროს მოხდა ეს ინციდენტი მატჩზე. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დავურეკე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირ კავშირზე ვიყავით ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც. ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა და იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩენილიყო პატიმრობაში, არ დაშავებულიყო და ყველა მათგანს მიეღო სათანადო ყურადღება. ამ მხრივ ყველა ზომა იქნა მიღებული. ამავდროულად, საქმეში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და თანამშრომლებმა ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს შესაბამისმა უწყებებმა, გაიმართა შეხვედრა და მიეცა საჭირო გაფრთხილებები“.
ჰაქან ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდარი თურქული მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია:
„ეს ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელი მდგომარეობაა. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობის დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“.
წყარო: dha.com.tr
მოამზადა რაულ კაპანაძემ




