ადამიანები, ვინც სიძულვილს აღვივებენ, აფრქვევენ და ისინიც, ვინც მათ ექომაგებიან, არიან ინსტრუმენტები, სინამდვილეში მარიონეტები არიან გარე ძალების ხელში, რომელთაც აქვთ მიზანი, საზოგადოებაში შემოიტანონ დაპირისპირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით დაკავებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საზოგადოებაში დაპირისპირება ვერ შემოიტანეს და ახლა ცდილობენ, ეს ვერბალურად გააკეთონ.

„ცდილობენ ვერბალური ძალადობით შემოიტანონ გარკვეული დაპირისპირება საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მათ შორის, გუშინ ვნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება – აღმაშფოთებელი, სამარცხვინო განცხადება. ეს ადამიანი ევროკომისიის სახელით ლაპარაკობდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკომისია არის ის, ვინც საქართველოში იწონებს, აქეზებს ძალადობას. მანამდე ვნახეთ მეორე პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭრი მათ, ვისაც ხელისუფლების დამხობა სურდათ. ქალბატონი ჰიპერის იმ მხარდაჭერის შემდეგ იყო ზუსტად ძალადობა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რა დროსაც 50-მდე პოლიციელი დაშავდა. სწორედ ამას დაუჭირა მხარი მაშინ ევროკომისიამ და ახლა ვიხილეთ მეორე პრესსპიკერი, რომელიც ახლა უკვე ვერბალურ ძალადობას უჭერს მხარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როგორ მოხდა, რომ ევროკომისია დღეს ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელია.

„ქართველი ხალხი, საზოგადოება ამიტომაც გვეუბნება, როგორ მოხდა, რომ ევროკომისია დღეს ქართული საზოგადოების თვალში ფიზიკური და ვერბალური ძალადობის მხარდამჭერი, მომწონებელი და წამქეზებელი გახდა. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, სადაც ამ ბიუროკრატებმა მიიყვანეს დღევანდელი ევროკავშირი. ამას სჭირდება შველა. ჩვენი ამოცანა, მათ შორის, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც შერჩენილი აქვთ საღი აზრი, მათთან ერთად შევეცადოთ, ევროკავშირში, რომლისკენ ჩვენ ვისწრაფვით და როდესაც ჩვენი გაწევრიანების დრო დადგება, არ დაგხვდეს მტრობის, დეზინფორმაციისა და არამშვიდობის გარემო. მშვიდობის პროექტი ,დღეს ვხედავთ, რომ გამალებული შეიარაღების, დაპირისპირების სივრცედ აქცია ზოგიერთმა ბიუროკრატმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.