რამდენი კომბინაცია უნდა შესთავაზონ საზოგადოებას, არ ვიცი. საზოგადოება ხვდება, საბოლოო ჯამში, ამ პარტიების გაერთიანებით ერთი კომბინაცია დგება. „ჯერ საქართველოს“ დაარქმევენ, „კვლავ საქართველოს“ თუ „ წინ საქართველოს“ – ყველაფერი დიდი ხანია, გაშიფრულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ დონეზეა პარტიების ფანტაზია, ცდილობენ, რამე სახელი მოუფიქრონ სხვადასხვა გაერთიანებას.

„სინამდვილეში პრობლემა ხომ ეს არის, ესენი არიან მარიონეტები, რომლებიც გარე ძალების დღის წესრიგის შესასრულებლად მუშაობენ. ნათქვამიც აქვთ. ბრიფინგი ჩაატარა ბოკერიამ, ჯაფარიძემ, გიგი წერეთელმა, სადაც თქვეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც ინტერესი აქვსო რეგიონში და ჩვენ იმაზე უნდა ვფიქრობდეთო, როგორ მოვემსახუროთ ამ ინტერესებს და როგორ ავეწყოთ ამ ინტერესებზეო. ეს ხალხი საჯაროდ ამბობს, რომ არიან უცხო ქვეყნების გამტარებლები. ცდილობენ, ვინ მიჰყიდის ძვირად თავის თავს უცხო ქვეყანას, რომ აქ თავისი ინტერესები გაატაროს. ეს არის 21-ე საუკუნის ხიბლი, დღევანდელ სამყაროში შადიმანები რამე ფარული კი არ არის და ასე ჭორ-მართლით კი არ გადაიცემა, არამედ პირდაპირ ეთერში ვხედავთ შადიმანების გზას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.