ევროკავშირის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, — განაცხადა კვირას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. მან გააკრიტიკა ჩეხეთისთვის განკუთვნილი თანხების შემცირება, ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული სტრუქტურების შენახვის ხარჯები, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან უკრაინის დაფინანსება.

შაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის (2028–2034 წლები) მოლაპარაკებების გადამუშავებული ჩარჩო-პროგრამა წარადგინა. დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთი წევრი ქვეყნის უკმაყოფილებას ითვალისწინებს ბიუჯეტის სიდიდის გამო, ევროკომისიის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით 204 მილიარდი ევროთი არის შემცირებული.

ბაბიში საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას აკრიტიკებს. მისი თქმით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ირლანდია, ბიუჯეტის 32 მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს.

„ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, — აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩეხეთს ევროკავშირის ბიუჯეტში სულ უფრო მეტი თანხა შეაქვს.

„ახლა კი, ირლანდიის წინადადების თანახმად, ჩვენთვის განკუთვნილი დაფინანსების 7,5 მილიარდი კრონით შემცირებას გეგმავენ“, — დასძინა ბაბიშმა.

ცნობისთვის, ირლანდიამ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ბიუჯეტის საკუთარი პროექტი ოქტომბერში წარადგინა, შაბათს გამოქვეყნებული ვარიანტი კი ანტონიო კოშტას ეკუთვნის.

ბაბიშმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ პროექტის მიხედვით, ევროპული ინსტიტუტების — ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპელი მოხელეების — შენახვა შვიდი წლის განმავლობაში 100 მილიარდი ევრო დაჯდება. იგი ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის დასახმარებლად ბიუჯეტიდან 100 მილიარდი ევროს გამოყოფას.

„რატომ უნდა მივცეთ უკრაინას ფული ევროპული ბიუჯეტიდან? უკრაინამ დაფინანსება ამ ბიუჯეტის მიღმა უნდა მიიღოს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჩეხეთის რესპუბლიკა ჯერჯერობით კვლავ ევროკავშირის ბიუჯეტის წმინდა ბენეფიციარად რჩება, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, მომდევნო წლებში ეს სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს ჩეხეთმა ევროკავშირის ბიუჯეტიდან 31,1 მილიარდი ჩეხური კრონით მეტი მიიღო, ვიდრე გადაიხადა. ევროკავშირის დროებითი აღდგენის ინსტრუმენტიდან მიღებული სახსრების (46,8 მილიარდი კრონა) ჩათვლით, ევროკავშირთან ჩეხეთის წმინდა დადებითმა ბალანსმა 77,9 მილიარდ კრონას მიაღწია.

ანტონიო კოშტა, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს, ცდილობს წლის ბოლომდე მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც წევრი ქვეყნების შენატანებსა და შემოსავლების ახალ წყაროებს დააბალანსებს. მისი ბოლო წინადადება გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც გააკრიტიკა, თუმცა ბაბიშისგან სრულიად საპირისპირო პოზიციიდან. ჩეხეთისგან განსხვავებით, გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის წმინდა კონტრიბუტორია (დონორია). მერცი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის საერთო მოცულობა უნდა შემცირდეს, მაგრამ, ამავდროულად, ევროკავშირმა უკრაინისთვის საიმედო და მდგრადი მრავალწლიანი მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს.

გასული წლის ივლისში ევროკომისიამ 1,763 ტრილიონი ევროს (დაახლოებით 43,1 ტრილიონი კრონა) მოცულობის გრძელვადიანი ბიუჯეტი წარადგინა (2025 წლის ფასებით). ბიუჯეტის საბოლოო ფორმაზე წევრ ქვეყნებს შორის დავა გრძელდება. გერმანიამ ჯერ კიდევ გასულ თვეში გამოქვეყნებული წინადადება გააკრიტიკა, რომელიც შვიდწლიანი ბიუჯეტის 140 მილიარდი ევროთი შეკვეცას ითვალისწინებდა.

წყარო: ČT24

მოამზადა რაულ კაპანაძემ