მომავალ წელს იგეგმება რესპუბლიკის მოედნის განახლება. კერძოდ, მოეწყობა 200 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი, ასევე, დაგეგმილია თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-განახლება. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემაზე ისაუბრა.
"ამასთან, მთაწმინდის ქუჩებზე ვგეგმავთ მოძრაობის ოპტიმალური სქემების შემუშავებას. წლების განმავლობაში ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ხან ორმხრივი იყო, ხან ცალმხრივი. ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩების გათვალისწინებით, დავამუშავებთ ყველაზე მისაღებ ვარიანტებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემასთან თავსებადი იქნება. ზოგადად, ქუჩების რეაბილიტაციისას მაქსიმალურად ვცდილობთ, საგზაო მოძრაობა ისე დავგეგმოთ, რომ გაიზარდოს მოქალაქეთა გადაადგილების შესაძლებლობები, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება.
ჩვენი ამოცანაა, შესაბამისი საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს არა მხოლოდ ავტომობილების მძღოლებისთვის, არამედ ქვეითებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებისთვის და გადაადგილების სხვა საშუალებებით მოსარგებლე ადამიანებისთვის. მულტიმოდალური მიდგომა სწორედ ამას გულისხმობს - ქალაქის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს მოძრაობის ყველა მონაწილეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.








