ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, არის თუ არა საბოტაჟის ხასიათის ქმედება.

„მნიშვნელოვანია, გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, ეს იყო უჩვეულო მოვლენა, როდესაც მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი გაირკვეს. არ მინდა, წინ გავუსწრო, ვნახოთ, რა იქნება შედეგი ამ გამოძიების. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ყველა დეტალი, თუ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოვლენილი. ვნახოთ, რასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნატქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება 24 და 25 ივლისს რამდენიმე საათით იყო გათიშული. როგორც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა. ამასთან, 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა სემეკ-მაც დაიწყო.