ხელისუფლების სწორი პოზიცია რომ არა, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და მეორე უკრაინა გვექნებოდა. სამი წლის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში, იუნკრების მემორიალთან განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 104 წლის წინ, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გმირულად დაღუპულ ადამიანებს, რომლებიც თავისი მკერდით გადაეფარნენ ჩვენს დამოუკიდებლობას. ამავე დროს, ეს დღე გვახსენებს, რამდენად რთულ რეგიონში ვართ. ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ გამოწვევები ყოველთვის იყო. სამწუხაროდ, 1921 წელს ვერ შევძელით, ჩვენი დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა. მაშინაც ვხედავდით ქართველებს, რომლებიც ნაწილი იყვნენ ჩვენი დამოუკიდებლობის ხელყოფისა, მაშინაც იყვნენ ქვეყნები, ჯგუფები უცხოეთიდან, რომლებიც გვპირდებოდნენ მხარდაჭერას, გვერდით დგომას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ჩვენი იუნკერების, ჩვენი ჯარისკაცების დასაცავი გახდა ეს ქვეყანა და, სამწუხაროდ, ამ დიდ ძალას მაშინ ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდა. გავიდა წლები და დღესაც ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ისეთივე მოსაფრთხილებელია, როგორც მაშინ იყო. ზუსტად სამი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს, როდესაც ახალი დაწყებული იყო უკრაინაში ომი, ამ ადგილას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რა იქნებოდა საქართველოს პოლიტიკა. 104 წლის წინ ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. გავიდა სამი წელი და ახლა ყველა ხვდება, რამდენად სწორი იყო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ყველა ხვდება, რომ მაშინაც გვყავდნენ ორჯონიკიძეები, რომლებიც სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ესკალაციას, სანქციების დაწესებას, ცის ჩაკეტვას, საზღვრების ჩაკეტვას. ეს იყო პირდაპირი გზა ესკალაციისკენ და ახალი ომისკენ, პირდაპირი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელახალ ხელყოფამდე. რასაც ვაკვირდებით, ის ორჯონიკიძეები კვლავ არიან ჩვენ შორის. სამი წლის თავზე ყველაფერი ცნობილია, უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამაზე საუბრობს აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელიც არის ყველაზე მეტად ჩართული ამ საკითხში როგორც სამხედრო, პოლიტიკური მხარდაჭერის, თუ საინფორმაციო, სადაზვერვო მხარდაჭერის მხრივ. დღეს უკვე ვიცით, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ასევე ვიცით, რომ ხელისუფლების მაშინდელი სწორი პოზიცია რომ არა, ჩვენთანაც ომი განმეორდებოდა და აქ გვექნებოდა მეორე უკრაინა. ასე რომ, ვფიქრობ, სამი წლის გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, ყველამ გაანალიზოს, სად იდგნენ სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, ის ხალხი, რომელიც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაციისკენ. იქნებ მიხვდნენ, გაანალიზონ, რომ პატრიოტმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებაზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.