„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს ომის დანაშაულების დაბრალებას დასჯერდნენ, უკვე ბარამიძის ხელით გადაწვდნენ აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საფიქრალი ის არის, თუ რატომ ალაპარაკეს გია ბარამიძე და საიდან მოდის ეს დავალება.
„ეს იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერა იყო, როდესაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ზუსტად ამ ხაზის გაგრძელება არის დღეს, არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს ომის დანაშაულების დაბრალებას დასჯერდნენ, ახლა უკვე ბარამიძის ხელით გადაწვდნენ 90-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს ომის დანაშაულების დაბრალება. კიდევ ერთხელ, არავინ ეკითხება არც ბარამიძეს, არც ამ აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს, რას იტყვიან, როგორ იტყვიან, ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული, მისდით მათ, რა უნდა თქვან, ვის რა უნდა დააბრალონ, როდის რა უნდა გაათეთრონ და როდის რა უნდა გააშავონ. ასე რომ, საფიქრალი ის არის, საიდან მოდის ეს დავალება, რატომ ალაპარაკეს ბარამიძეს ის, რაც ილაპარაკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.









