ეს აჩვენებს, რომ არის ქართველი ხალხის შანტაჟისა და დაშინების სურვილი. ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი. არ არსებობს კითხვა, რომელზეც პასუხი არ გვაქვს. არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ შეგვიძლია საუბარი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებაზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი ყველა თემაზე სასაუბროდ მზად არის.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ კითხვას გავცეთ პასუხი. ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან ყოველგვარი დიალოგის დაბლოკვას. ხედავთ, რომ გაბუტულ პოზაში არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ქვეყნის იმიჯთან საერთო არაფერი აქვს და ეს „ჩვეულებრივი ფაქტების შემსწავლელი მისია“ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ იდეის ინიციატორი პოლონეთია.
„ეს ის პოლონეთია, ჯეიმს ბონდი ექიმი რომ შემოგვაპარა მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში, რომელსაც წინდებით გაჰქონდა მიხეილ სააკაშვილის ნერწყვი თუ რაღაც სხვა ბიომასალა. თავის დროზე უნდა გამოგვეძიებინა ის, რაც მაშინ საქართველოში მოაწყვეს - ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. მიზანი იყო შეექმნათ გარკვეული სცენარი, თითქოს გამოიტანეს რაღაც მასალა და შემდეგ იქ აღმოაჩენდნენ რკინებს, ტიტანიუმებს და კამიტებს სააკაშვილის ორგანიზმში. ამას გვიკეთებდა პოლონეთის მაშინდელი ხელისუფლება.
დღემდე პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის გვერდში მდგომები არიან. ადამიანის წამების სისტემის შემქმნელების ძმაკაცებისგან და მეგობრებისგან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შენიშვნებს ვერ მივიღებთ. დონალდ ტუსკი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილი გამოაცხადა დემოკრატად, სახალხო პარტიის ყრილობაზე დაუდგა ცარიელი სკამი და დითირამბები მიუძღვნა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთოს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.




