პარლამენტმა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო.

კანონპროექტით წესრიგდება საქონლისა და მომსახურების მითითებასა და კლასიფიკაციასთან, სასაქონლო ნიშნის დაყოფასთან, სასერთიფიკაციო ნიშანთან და მის დებულებასთან, ასევე სასერთიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ცვლილება ასევე შეეხება სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლებთან, სასერთიფიკაციო ნიშნის გამოყენებასთან, სასერთიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებებთან, უფლებების გადაცემასთან, სასერთიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვასთან, სასერთიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებსა და რეგისტრირებულ კონფლიქტურ სასაქონლო ნიშნებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონს ემატება ახალი მუხლები და ახალი თავი, რომელიც დაარეგულირებს სასერთიფიკაციო ნიშნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ცვლილება შეეხება სასაქონლო ნიშნის განმარტებას. კერძოდ, იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანი წარდგენილი იყოს სარეგისტრაციოდ, სასაქონლო ნიშნის გრაფიკულად გამოსახვა აღარ იქნება სავალდებულო მოთხოვნა. ცვლილებების პროექტით გაზიარებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკა და სარეგისტრაციოდ სასაქონლო ნიშნის წარმოდგენა მხოლოდ ისეთი ფორმით იქნება სავალდებულო, რომ ნათლად და მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული რაც კომპეტენტურ უწყებებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნათლად და ზუსტად განსაზღვროს დაცვის ობიექტი, რის მიმართაც განმცხადებელს სურს წარმოეშვას რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები.