კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გერჰარდ ვოლფს შეხვდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს.

მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრია, რომელიც შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხელოვნების საკითხებს იკვლევს. ინსტიტუტის ერთ-ერთი მისია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაა.

პროფესორმა გერჰარდ ვოლფმა 2023 წელს გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე წამოჭრილი გამოწვევების დასაძლევად, კონსერვაციის სფეროს საუკეთესო სპეციალისტები შეკრიბა.

ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრი ფლორენციის სან ჯოვანის ბაპტისტერიუმში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ პროექტს, პროფესორ რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით, სპეციალისტების ის ჯგუფი ახორციელებს, რომელიც გელათის მოზაიკის კონსერვაციაზე მუშაობს.

"უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა პროფესორ გერჰარდ ვოლფთან. ასევე, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა რესტავრატორების ჯგუფთან - პროფესიონალებთან, რომლებიც, გელათის მოზაიკის რესტავრაციაზე მუშაობენ. ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალები, რომლებიც ბაპტისტერიუმის მოზაიკაზე მუშაობენ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის შენარჩუნებაში არიან ჩართულნი", - განაცხადა თინათინ რუხაძემ